„შეშფოთებული ვარ იმის მოსმენით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ საქართველოში ინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტისადმი მათი წინააღმდეგობრივი პოზიციის გამო. ღია დემოკრატიაში ყველა ხმა უნდა იქნეს გაგონილი. ეს დაშინება უნდა შეწყდეს," - წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამასთან, ჰელსინკის კომისია წერს, რომ სარწმუნო ცნობები საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ საყოველთაოდ გავრცელებული დაშინების, შევიწროებისა და ძალადობის შესახებ მიუღებელია. „ამ რეპრესიული განვითარების შეთანხმებული ხასიათი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობაზე მიუთითებს და საყოველთაო დაგმობას მოითხოვს.“
8 მაისს ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ მონაწილეს: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძესა და აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს.
9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი, მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. მოგვიანებით, თბილისში დაესხნენ თავს და სცემეს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და "ახლის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს.
ღამის საათებში თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები. დააზიანეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების ავტომობილები.