პაველ ჰერჩინსკი: ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება კანონპროექტის არმიღება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არმიღება - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ელჩმა აღნიშნა რომ თუ ამ კანონის მიღება მაინც აუცილებელია, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული კანონი, რომელიც დაეფუძნება ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება. მე მესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, არსებობს საპარლამენტო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საპარლამენტო პროცედურები შესრულდება. ჩვენ ყველა ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას.როგორც აქამდეც არაერთხელ განვაცხადეთ, ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტის დამწესებელი, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ საკითხებს. აქედან გამომდინარე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ან ეს კანონი საერთოდ არ მიიღება, ან იმ შემთხვევაში თუ ამ კანონის მიღება აუცილებელია, ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული კანონი, დაფუძნებული ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებაზე. მაგრამ ამისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ არსებული სახით კანონპროექტის მიღება, რადგან კანონი არსებული სახით არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.


კანონები მიიღება საქართველოს პარლამენტის მიერ, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რა კანონები სურთ თავის ქვეყანაში. მაგრამ ჩემი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის შედეგებზე საუბარი - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს არსებული ფორმით და ევროკავშირი მზად არის დახმარებისთვის, იმდენად რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ კვლავ, საქართველოს კანონების მიღება წყდება საქართველოს პარლამენტში, ქართველი პოლიტიკური პარტიების მიერ და სხვა არავის მიერ. გადაწყვეტილებად სრულად არის ქართველი პოლიტიკოსების ხელში,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.


მისივე შეფასებით, შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. „ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. „თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას - დარჩით ევროკავშირის გზაზე! - ასე მიმართა ევროკავშირის ელჩმა დღეს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს, სადაც მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  ევროკავშირს სურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს.


„ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს აერთიანებს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე, ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით.

დარჩით ევროკავშირის გზაზე!

დარჩით ევროკავშირის გზაზე!

ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. იმედია, ისიამოვნებთ აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით და შესაძლებლობებით, მხიარულად გაატარებთ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გილოცავთ ევროპის დღეს, წინ საქართველო, წინ!“- განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს დღესაც ქართულ ენაზე მიმართა.