შს მინისტრის თქმით, მოქალაქეების ტელეფონებზე მუქარის შემცველ ზარებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეზე. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ “უჩა აბაშიძის დაკავების დროს პოლიციამ ადვოკატები სახლში არ შეუშვა, რომლებიც 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში კართან იცდიდნენ.” ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ზოგადად, სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.


„თუ რამე კანონდარღვევა იყო, შესაბამისი უწყებები არიან, მიმართონ, არ არის პრობლემა. თუ {პოლიციელებმა} დაარღვიეს კანონი, მიმართონ. არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პროკურატურა - მიმართონ. თუ დააშავა პოლიციელმა და დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ.


ალბათ, თუ არის დაზარალებული, მოგვმართავს და დაიწყებს შესაბამისი სამსახური [გამოძიებას]. პოლიციელმა თუ დანაშაული ჩაიდინა, უნდა გამოიძიოს სახელმწიფო ინსპექტორმა და  გამოძიებას მე ვერ დავიწყებდი! ქვემდებარე არ არის ჩემი მუხლი, ასე რომ ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხლი. ჩვენ თუ ვაშავებთ, მაგიტომ შეიქმნა ეს სამსახური, ინსტიტუტი, რომ გამოიძიოს სახელმწიფო ინსპექტორმა, თუ [პოლიციელებმა] დააშავეს,” - განაცხადა გომელაურმა.


ჟურნალისტის კითხვას, დიმიტრი ჩიქოვანის, ლაშა ღვინიანიძის, გია ჯაფარიძის თავდასხმიდან 72 საათზე მეტია გასული და თუ არიან დაკავებულები ან იდენტიფიცირებულები, ვინც ჯგუფურად მოახდინა ამ ადამიანებზე თავდასხმა, გომელაური პასუხობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.


„გამოძიება დაწყებულია და მუშაობა მიდის. ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. 72 საათი გავა, თუ 92 საათი გავა, როცა დაადგენენ, შესაბამისად იმოქმედებენ. პროკურატურა არის ზედამხედველი და ერთად ვმუშაობთ,” - აღნიშნა გომელაურმა.


გარდა ამისა, მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოქალაქეების ტელეფონებზე მუქარის შემცველ ზარებთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ „ზარები ხორციელდება მმართველი, ხელისუფლების გუნდის წევრებთანაც.“


„გამოძიება მიმდინარეობს. ეს ზარები არამარტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხდება, ეს ხდება ასევე მმართველი გუნდის, ხელისუფლების გუნდის წევრებთანაც, ოჯახის წევრებთანაც. გამოძიება დაწყებული გვაქვს. ზოგი არის უცხოური ნომრები, სხვადასხვა ქვეყნიდან ნომრები და ამაზე მუშაობენ,” - აღნიშნა მინისტრმა.


ასევე, გომელაურმა უპასუხა პარლამენტის დეპუტატების, ალეკო ელისაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე დასმულ შეკითხვას და განაცხადა, რომ აღნიშნულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.


„ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება. ძალიან ცუდი ფაქტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული არ გვაქვს, ამას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ,” - განმარტა გომელაურმა.


შს მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ჩვენ მშვიდობიან აქციას არასდროს ხელს არ ვუშლით. არანაირად არ შევდივართ კონტაქტში, პირიქით, ვეხმარებით ხოლმე. თუმცა მშვიდობიან აქციას ვერ დავარქმევ, როცა ამტვრევენ სკამებს, ურნებს, წვავენ, ცეცხლს უკიდებენ, ეს მშვიდობიანი აქცია არ არის. რატომღაც ასე ნათლავენ ხოლმე.


„იცით, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, გაათავისუფლა, დღეს უკვე ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს, რა უნდა გავაკეთოთ.

ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც ქალბატონი სალომე და ვერცერთი მოქალაქე, რომ ჩვენ პირველებმა რამე დავიწყეთ. გუშინ, მაგალითად, აქციაზე სამი ადგილიდან დაიძრნენ და მშვიდობიანად მივეხმარეთ, მივაცილეთ. პოლიცია იყო ჩართული. არასდროს არ იწყებს პოლიცია ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას. თუ წამოვა მომიტინგეებისგან აგრესია, ჩვენ კანონის ფარგლებში, შესაბამისად, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ,“ – განაცხადა გომელაურმა.