გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ დელეგაციასთან საუბარზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.
„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, თუმცა ის პარლამენტის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში შეგვხვდა,“ წერს მიხაელ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
„ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის," - წერს შემდეგ პოსშტი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან, ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს.
შეგახსენებთ, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ.