როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პასუხი, თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონს მიიღებს - გრანტ შაპსის პასუხი

„რა იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პასუხი, თუ დღეს საქართველოს პარლამენტი ამ კანონს მიიღებს,“ -  გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თან ინტერვიუში პასუხობს შეკითხვას ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, თუმცა იქ რა თქმა უნდა - უფრო აგრესიული.


„პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გამოყენებით, სხვა ქვეყნებში ისე, რომ ეს სამყაროსთვის კარგი არ არის, კარგი არ არის თავისუფლებისთვის ან დემოკრატიისთვის. ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ [რუსულ] გავლენას და ძალიან ვახალისებთ ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ამ გავლენას. მგონია, რომ ასე უნდა მოიქცნენ [...] პუტინმა აჩვენა, სულ მცირე საქართველოში მაინც, რომ ის არ არის კარგი მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის,“ ამბობს ბრიტანელი მაღალჩინოსანი.


შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ.

რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.