დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის სპიკერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტით "სერიოზულად შეშფოთებულია."
„პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და თანმხლები რიტორიკა ძალიან შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს.
გაერთიანებული სამეფო აგრძელებს ჩართულობას საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან თბილისში. ჩვენმა ელჩმა ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას აცნობა,“ აცხადებს სპიკერი.
ის განმარტავს, რომ ბოლო ასეთი კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შედგა 22 აპრილს.
შეგახსენებთ, ბრიტანული მედიიდან ასევე ხდება ცნობილი, რომ გასულ კვირას ევროპის საკითხებში მინისტრმა ნუსრათ ღანიმ არასაჯაროდ, პარლამენტისადმი საპასუხო წერილში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩმა თბილისში, პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრების დროს," თანმიმდევრულად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს შეშფოთება შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით." მანვე განმარტა, რომ „ეს საკითხი გასულ თვეში თავად განიხილა საქართველოს ელჩთან ლონდონში.“
აღსანიშნავია ასევე, რომ მინისტრის ერთადერთი საჯარო გამონათქვამი სოციალურ მედიაში იძებნება, რომელიც 10 დღის წინ გამოაქვეყნა. ის გამოდიოდა გაფრთხილებით, თბილისში „მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ,“ რაც მისი თქმით, "არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებსა და რისკავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს."
11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“
ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
-
ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს
-
სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.