მთავრობა: ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს კანონის მიღების საჭიროება განუმარტა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა.


საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა „გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის, საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს.


ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს.

  • პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, 13 მაისს, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა.


ჯეიმს ო'ბრაიენი მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.

  • რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.