ნორვეგიის საგარეო უწყება - „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე აცხადებს, რომ ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს.


„ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის, მის ევროინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის და დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას ზიანს მიაყენებს. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს,“ - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.


პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო.

პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო.
მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა.
  • რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.