ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ აცხადებენ, რომ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმზე გადადიან.
„ამ რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში რუსული რეჟიმი, გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში,“ - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად „საბოლოო გეგმას“ გააცნობენ საზოგადოებას, „თუ როგორ ვაპირებთ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას.“
„ლელოს“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში - „როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია.“
„ვფიქრობთ, რომ პარლამენტში მუშაობის რესურსი აღარ არსებობს და ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომლითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის მუშაობას პოლიტიკური ბოიკოტი „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ გამოუცხადა.
პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო.
პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.
- რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.