აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა, აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა აკავშირებს და ის იმედოვნებს, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზანს, მან განმარტა, რომ ეს მიზანი სწორედ საქართველოსთან პარტნირობას უკავშირდება.
„მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ შეერთებული შტატები ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ ამას სტრატეგიულ პარტნიორობად მივიჩნევთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ ბოლოდროინდელმა ზოგიერთმა გამოსვლამ და პარლამენტის ქმედებებმა დაგვაფიქრა, იზიარებს თუ არა მთავრობა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს.
1992 წლიდან საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. შეერთებულმა შტატებმა დახმარებაზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას - სამხედრო სფეროდან დაწყებული, სამთავრობო და მარეგულირებელი ორგანოებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით დამთავრებული. ასე რომ, 30 წელზე მეტია, აშშ საქართველოს ძლიერი პარტნიორია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას, რადგან საქართველო ცდილობდა უფრო დაახლოებოდა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებს.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისკენ სვლის ვალდებულება დააფიქსირა მთავრობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს სწრაფად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პროგრესზე NATO-ში გაწევრიანებისკენ,“ აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მან კანონის ირგვლივ მიმდინარე საუბრებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა - თუ ხსენებულ პროექტს მიიღებდნენ, ამას შედეგიც ექნებოდა, რასაც ო'ბრაიენის თქმით, საქართველოს პრემიერმა იძულება უწოდა, თუმცა ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ეს ასე არ არის, რადგან თავად საქართველოს ჰქონდა არჩეული გზა, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სურვილს გულისხმობს - ამ ინსტიტუტებში კი, გარკვეული სტანდარტებია, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება აშშ-სთან პარტნიორობის გაძლიერების გზა.