„ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში - არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება, გამოიყენო იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო.
„ვისაუბრეთ, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები. ძალიან გარკვეულად ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს, ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი,“აღნიშნა პრეზიდენტმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია - რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ორ კვირაში ნახავთ, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება. მსხილაძე აღნიშნავს, რომ ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნა გათვალისწინებული იქნება.
„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ამას ნახავთ ორ კვირაში. ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ [განხილვაში] და კანონის რაიმე ფორმით [განხილვაში] შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ. წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ,“ - განაცხადა მსხილაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებული პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
„ამ კანონმა იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია ქვეყანაში, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ აქვს,“ - განაცხადა მსხილაძემ.