დღესვე, როგორც მთავრობა აცხადებს, ერდოღანის და კობახიძის პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით.
ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და მზადაა რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა დაადასტურა,“ აცხადებს ქართული მხარე.
მოგვიანებით, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ მხარეებმა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს.
ჩვენი საუბრის დროს, გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხაზი გავუსვით მშვიდობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.
ჩემი მოსაზრებაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის,“ - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
ამავე პრესკონფერენციის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.
„გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად.
რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება. იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება, ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშავებთ იგივე წარმატებით.
პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ფეტას“ და „პეკაკას“ მიმართულებით დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ, რათა ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლოთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნას და დასჯას,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.