„თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ხედავს დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.
რა თქმა უნდა, ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით.
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის მნიშვნელობა.
თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტის და ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე,“ - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ყველა მიმართულებით.
„ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება, ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები.
სევე ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.
ასევე გვქონდა საუბარი თანამშრომლობის სხვა განზომილებებზე, როგორიც არის თანამშრომლობა განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის თითოეულ ასპექტს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ბატონო პრეზიდენტო, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხების ინტერესების რეალიზებისთვის,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღესვე საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.