ბულგარული კომპანია Bulgargaz რუსული „გაზპრომისგან“ 400 მილიონი ევროს კომპენსაციას მოითხოვს 2022 წლიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, განაცხადა რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ მალინოვმა, იუწყება Nova.
მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნა უკვე მზად არის, მაგრამ ჯერ „ბულგარგაზი“ „გაზპრომს“ მისცემს შესაძლებლობას, ნებაყოფლობით მოაგვაროს მოთხოვნა მოკლე დროში.
„თუ ეს არ მოხდება, ჩვენ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართავთ პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში,“ - განაცხადა მალინოვმა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, 2022 წლის 27 აპრილს, „გაზპრომმა“ შეუწყვიტა გაზის მიწოდება Bulgargaz-ს რუბლით გადახდაზე უარის გამო. ეს გაანგარიშების სქემა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემოიღო, როგორც ულტიმატუმი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს სანქციების პირველი ტალღით დაარტყეს.
„გაზპრომის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად ბულგარეთში გაზის ფასებმა მკვეთრი მატება დაიწყო. 2022 წლის ივლისში 100 კუბური მეტრი (1 მგვტ.სთ) დაახლოებით 95 ევრო ღირდა, აგვისტოში კი, უკვე - 149 ევრო. ომამდე ბულგარეთი იმპორტის საჭიროების სამ მეოთხედს რუსული გაზით ფარავდა.
2023 წლის ბოლოს, „გაზპრომმა“ პირველად განიცადა წმინდა ზარალი 25 წლის განმავლობაში. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, მისი მოცულობა - 629 მილიარდი რუბლი რეკორდია კომპანიის მთელი ისტორიის განმავლობაში.