ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების დაღუპვის გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დროებით ხელმძღვანელად ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი დაამტკიცა.


„მოხბერი მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ვალდებულია, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს ხელმძღვანელებთან ერთად, მაქსიმუმ 50 დღის ვადაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოაგვაროს,“ - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.


ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის გარდაცვალების შემდეგ, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი აირჩიეს.

ალი ბაგერი კანი ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციებს, რომლებიც, არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზით, შეერთებულ შტატებთან ბირთვულ და პატიმრების გაცვლის საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად იმ 9 ადამიანს შორის იყო, რომელიც ირანის ჩრდილო-დასავლეთ მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის გარდა, კიდევ 7 პირი იმყოფებოდა: პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი.