Politico-ს ცნობით, საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების სანქცირებისთვის კონგრესმენი ვილსონი კანონპროექტს წარადგენს

კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების სანქციების დაწესებაზე მუშაობს. Politico წერს, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება მალე, “ორშაბათს“, წარედგინება აშშ-ის კონგრესს.


პროექტში, რომელსაც POLITICO -ს გაეცნო,  ნათქვამია, რომ თბილისი ღიად დაესხა თავს შეერთებულ შტატებს, დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ სხვა ორგანიზაციებს და ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, "კავშირის გაღრმავების მცდელობით, კერძოდ, რუსეთთან და ასევე ჩინეთთან."

ჯო უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. ორგანიზაციამ გუშინ, 19 მაისს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა გამოცემა Hill-ის სტატია, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი, რომელზეც კონგრესმენი მუშაობს, ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა იდენტიფიცირებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებაზე.


გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოს “პრორუსული ხელისუფლება მიდის პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ” და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დემოკრატიულ პრინციპების ერთგულებას.

კონკრეტული ინდივიდებისთვის სავიზო შეზღუდვებისა და სხვა სანქციების გარდა, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეისწავლონ საქართველოში რუსული დაზვერვის შესაძლებლობები და ჩინური გავლენა.

ის ასევე მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში “არასათანადო პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის შესახებ”, განსაკუთრებით, თუ ის რუსეთის სასარგებლოდ ხორციელდება. ამ ზომების მისაღებად ასევე საჭიროა ინფორმაციის მოძიება, ხომ არ აარიდეს თავი საქართველოს ცალკეულმა მოქალაქეებმა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. გარდა ამისა, მოუწოდებს სანქციების დაწესებას მთავრობის სახელით მოქმედი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან გამოვლენილნი.


“უცხოეთის აგენტების” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ვილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერას. კონგრესმენის კანონპროექტი მოუწოდებს “დემოკრატიის მონიტორინგის მიზნობრივი ჯგუფის” შექმნისკენ, “დემოკრატიულ წინასაარჩევნო გარემოზე” დასაკვირვებლად.

ვილსონის კანონპროექტი "უცხოელი აგენტების" კანონის გაუქმების შემთხვევაში, ითვალისწინებს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ეკონომიკურ დახმარებას, მეტ შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლისთვის და სხვა.

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, წვრთნა და აღჭურვა რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%.


დათქმული სარგებელი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ დადასტურდება საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების გზაზე, რისი მტკიცებულებაც, უპირველესად, უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო.

“აშშ-ის ინტერესი ქართული დემოკრატიის დაცვასა და უზრუნველყოფაში განპირობებულია ქართველ ხალხთან მეგობრობითა და მათი ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერით,” – ნათქვამია უილსონის კანონპროექტში.


პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.

პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.
18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.