კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები

როგორითეთრი სახლის პოზიცია ე.წ. უცხოური აგენტების კანონის, საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიასა და შესაძლო სანქციებზე, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს
„ამერიკის ხმა“ ესაუბრა.


კარპენტერის თქმით, ეს კანონი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას, თავისუფლად იმოქმედოს საქართველოში.

„დარწმუნებული ვარ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები. საქართველო დგას არჩევანის წინაშე. ის ან წავა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის მიმართულებით, უზრუნველყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების შეუფერხებლად მუშაობას ან ის აამოქმედებს ამ კანონს, რომელიც ეფუძნება რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობას და რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიის იდეასთან. ეს არის ორი მკაფიო არჩევანი. ასე რომ, მომავალი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. მათი გადასაწყვეტია, კვლავ განაგრძობენ ამ კანონით განსაზღვრულ გზას, თუ დემოკრატიული გზით წავლენ, იმ გზით, რომელზეც მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა და ვუჭერდით მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებით.“


ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.
18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.