ელჩი: თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას

„სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ,“ - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. გერმანიის ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სტანდარტზე დაბლაა, რომელიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, თუ კანონპროექტი არსებული ფორმით იქნება მიღებული, გერმანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს.


„ეს დინამიკური პროცესია. შემიძლია, საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ ევროპული გზიდან უკვე გადაუხვია.


არის სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით თუ იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს მის ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაწევს. სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არა და ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ,” - განაცხადა ფიშერმა.


მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების სრული უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღება, შესაბამისად, კანონის დღევანდელი ფორმით მიღების შემთხვევაში გერმანია თანხმობას ვერ განაცხადებს.


„გერმანიას წარმოვადგენ. ერთი სახელმწიფო ვართ ევროკავშირში. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი მოსახლეობა გვაქვს და ასე შემდეგ. ევროკავშირმა რომ საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი გადაწყვიტოს - ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა - ერთსულოვნება უნდა იყოს, ყველა სახელმწიფომ თანხმობა უნდა განაცხადოს. გერმანიის სახელით შემიძლია, გითხრათ, რომ თანხმობას არ ვიტყვით თუ ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული,” - დასძინა მან.


ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.
18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.