PACE-ს მომხსენებლები: მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ. განცხადებას PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ.


„ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა,” - ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.
18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.