ევროსასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა. ამასთანავე, სასამართლო განმარტავს სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე განთავსებულ ცნობაში, რომ „ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.“


„განმცხადებელი მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის მიხედვით ჩიოდა, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 იანვრისა და 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა არასანდო მტკიცებულებებს. ამასთან, ის აცხადებდა პრეტენზიას, რომ მოსამართლე გ.ა., რომელმაც საქმე პირველი ინსტანციის საქმეზე განიხილა, არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.


სასამართლო ასკვნის, რომ მოსამართლე გ.ა.-ს, რომელმაც განიხილა განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი გამოტანა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2018 წლის 5 იანვარს, არ აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა,“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციითვე, ადგილი არ ჰქონია არც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას.


სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მტკიცებით, მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-7 მუხლი, რადგან მისთვის არ იყო შესაძლებელი გაეთვალისწინებინა, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას, რომელიც მას მიენიჭა პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის გამო, შესაძლოა გამოეწვია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.


„სასამართლო ასკვნის, რომ სხვა თუ არაფერი, განმცხადებლისათვის საღი აზრის საკითხი უნდა ყოფილიყო იმის განჭვრეტა, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა მის გადაწყვეტილებას, ფარული შეთანხმება ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს მკვლელობა, ან ჰქონდათ შეთქმულება ამ ძალიან მძიმე დანაშაულის ფარგლების დასაფარად. უფრო მეტიც, განმცხადებელს, წამყვან პოლიტიკოსს - რომელსაც ჰქონდა ფართო იურიდიული გამოცდილება და დიდი გამოცდილება იურიდიულ და საჯარო მმართველობის საკითხებში - უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ემოქმედა, ვიდრე შეიძლება მოელოდე რიგითი ადამიანისგან და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოევლინა იმ რისკების სიმძიმის შეფასებისას, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო გირგვლიანის მკვლელობის საქმის უკან მდგომ დამნაშავეებთან მისი ფარული შეთანხმებით.


განმცხადებელს არ შეუძლი,ა პრეტენზია გამოხატოს, რომ მას არ შეეძლო, გაეგო მისი ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი, რომელიც გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილების მართლმსაჯულების გარკვევის მიზნით. განმცხადებელს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ მისი საქციელი მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას,“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.


კონვენციის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, მოსამართლეების აზრი გაიყო. ხუთმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ორმა კი, განსხვავებული აზრი გამოთქვა და შესაბამისად, ხმა მისცა სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-7 მუხლი არ დარღვეულა.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი.

"საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე.


სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


სააკაშვილის უფლებადამცველები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას ევროკონვენციით დადგენილ ვადაში საჩივრით მიმართავენ და მოელიან, რომ მათ არგუმენტებს გაითვალისწინებენ.


"სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და დარღვევა არ დაადგინა. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ორმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული და ჩვენი მოთხოვნები იყო კანონიერი, ევროკონვენციასთან შესაბამისი," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.


ექსპრეზიდენტს საქართველოს სასამართლოებში მის მიმართ გამოტანილი ორი განაჩენის შესახებ ჰქონდა შეტანილი განაცხადი სტრასბურგში. ეს ეხებოდა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებს.