„უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები ხელისუფლებისთვის მხოლოდ ფასადია,“ ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში წერს. ხულორდავას შეფასებით, ჩვენს თავს წარმოუდგენელი რამ ხდება.
„უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის. ეს მეთოდები, ეს დაპირისპირების თესვა და ბოღმის ნთხევა შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან, რაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და რაც გვევალება კონსტიტუციით.
ვალდებულად ვთვლი, თავს ისევ ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო ქართული ოცნების დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან ამ სირცხვილისგან და საერთაშორისო იზოლაციისგან!
საქართველო აუცილებლად გააღწევს სამშვიდობოს, მაგრამ თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი, ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ,” - წერს სოციალურ ქსელში თამარ ხულორდავა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“
თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება.
ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.
18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“