ხუნდაძე აშშ-ზე: არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

„28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში - არ მგონია, აშშ, დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებაზე [სანქციებზე] წავიდეს, რადგან ის ამ გადაწყვეტილებით დააზიანებს საკუთარ რეპუტაციას, არ შეიძლება, საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონისთვის კანონმდებლები დაასანქცირო,“ - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ “აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.”


ხუნდაძე ამასთან ამბობს, რომ „თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.“

„საქართველოში სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მისი ოჯახის წევრები უნდა დასანქცირდნენ.

არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.


პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომაზე უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა,” - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


კითხვას, ვისგან იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ხუნდაძე ამბობს, რომ „სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს ყველას მხრიდან, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ყველა ქვეყანაში შედის ყველა ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები.”


„ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის დაანონსებულ ახალ პოლიტიკას შეეხებოდა. ირმა ზავრადაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები არ გადაიხედება.

„არაფერი იცვლება, საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჯერ კიდევ საკითხავია სანქციები ვისთვის დაწესდება და როგორ დაწესდება. კარგად წაიკითხეთ ჯერ განცხადება და მერე ვილაპარაკოთ. ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. [სტრატეგიული ურთიერთობები] არ გადაიხედება, დამშვიდდით!“- განაცხადა ზავრადაშვილმა.


ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული.