ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე არ ფიქრობს, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდება. კითხვას, ელოდება თუ არა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა, არ ჩაუშვან, კაკაურიძემ უპასუხა, რომ ამას არ ელოდება.
„რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მე ჩავალ თუ არა? ბლინკენს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ის, რომ ინდივიდუალურ ადამიანებზე და ნებისმიერი თანამდებობის პირზე ჩავიდნენ, მსგავს გადაწყვეტილებას [არ ვიცნობ]. არ მგონია, რომ პირად სანქციაზე იყოს, რადგან არ ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის სანქციები ადეკვატურია, რომ ფინანსთა მინისტრს, ან მისს მოადგილეს [დაუწესდეს], თუ მას რამე კონკრეტული დანაშაული არ მიუძღვის,“ - განაცხადა კაკაურიძემ.
მან მედიას შესაბამისი შეკითხვების საპასუხოდ განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია, რის გამოც, მასთან ურთიერთობები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
„ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენი კურსია, რა კურსითაც ქვეყანა მიდის, ეს არის ევროპული კურსი, ამიტომ, იმ ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის პოზიციები, რაც როგორც ევროკავშირთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდა. ფინანსურ დახმარებას აქვს ერთი ნაწილი, რომელიც გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტნიორებთან ურთიერთობა, ის ურთიერთობა, რომელიც გვქონდა, უნდა გვქონდეს აუცილებლად და გვექნება. რაზე რა გავლენა იქნება, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან მიღებული, ამაზე ნამდვილად ვერ გეტყვით,“ - განაცხადა კაკაურიძემ.
ეთანხმება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კურსს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამ შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლების კურსი არის, იყო და უნდა იყოს ყოველთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.“
ეთანხმება თუ არა ის კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლას: კაკაურიძე აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა შედგეს.“
„კანონი ძალაში როგორი შევა, მთავარი არის ეს, ამ ფორმით შესვლას ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის, ქვეყანა ეწინააღმდეგება, ამიტომ, საუბარი იყო, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე, პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიალოგის შესაბამისად შესაძლებელია, ის პრობლემური საკითხები, რომელებიც არის, შეიცვალოს. გამჭვირვალობის პრობლემა მე მგონი, არავის უნდა ჰქონდეს, გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია, შეიცვალოს,“ - აცხადებს კაკაურიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
- რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)