ადიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მანქანაში მყოფი მოქალაქე გამოყვანილია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
ადიდებული მდინარის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ინფორმაციისთვის, უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.
გარდა ამისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, რეგიონში აიდებულია რამდენიმე მდინარე.
ამასთან, GWP-ს ცნობით, 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად, ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.
მისივე ინფორმაციით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოდინებული ჭარბი წყალი შეუერთდება.
„წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით.
გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.