უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი განმარტებით, ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა.
ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისა და ამავე დროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას.
„თუ ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე, მაშინ გვჭირდება ინვესტიცია თავდაცვაში,” - აღნიშნა ლაიენმა.
ევროპელი დიპლომატის თქმით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ღონისძიებების დაფინანსება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებიდან მიღებული საბიუჯეტო სახსრებით უნდა განხორციელდეს.
ცნობისთვის, ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებები ითვალისწინებს საერთო თავდაცვის პოლიტიკას, მაგრამ არ ითვალისწინებს სამხედრო და თავდაცვის მიზნებისთვის ოპერატიული ხარჯების ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებას.