ევროკავშირმა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა უკრაინელ ბიზნესმენს და პოლიტიკოსს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკს, მასთან დაახლოებულ არტიომ მარჩევსკის და პროპაგანდისტულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe-ს. მარჩევსკი ამ პორტალის ხელმძღვანელია.
ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ევროკავშირი დაეთანხმა ჩეხეთის წინადადებას და სანქციების სიას დაამატა პირები, რომლებიც კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ. მანამდე, 2024 წლის მარტში ჩეხეთმა მედვედჩუკს, მარჩევსკის და Voice of Europe-ს სანქციები ეროვნულ დონეზე დაუწესა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ეს შეზღუდვები უკვე მოქმედებს ეროკავშირის 27-ვე ქვეყანაში.
მედვედჩუკი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მასთან დაახლოებული პროდიუსერი, უკრაინის მოქალაქე მარჩევსკი ბოლო დრომდე ჩეხეთში ცხოვრობდა, ამ ქვეყნის მიერ სანქცირების შემდეგ კი, მეზობელ სლოვაკთში გადავიდა.