27 მარტს გამართულ შეხვედრაზე ჩეხეთის მთავრობამ ეროვნული სანქციების სიაში დაამატა კრემლის მომხრე ოლიგარქი, ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, ასევე, უკრაინელი პროპაგანდისტი არტემ მარჩევსკი და პროკრემლისტური მემარჯვენე ვებგვერდი „ევროპის ხმა.“ როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სანქციების ეროვნულ სიას ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაემატა.
როგორც ფიალამ განმარტა, ეს სანქციები მიზნად ისახავს დარტყმას პრორუსულ ქსელზე, რომელიც ცდილობდა, განევითარებინა გავლენის ოპერაცია მის ქვეყანაში, რამაც „შეიძლება, სერიოზული გავლენა იქონიოს ჩეხეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის უსაფრთხოებაზე.“
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა ჩეხეთმა თავისი განზრახვა, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების სიის გარდა, შეადგინოს პუტინის რეჟიმის მხარდამჭერთა სია. ჩეხეთის მთავრობის სიაში უკვე შედიან რუსეთის პატრიარქი კირილი, რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი და მისი ვაჟი ფელიქს ევტუშენკოვი.