პრემიერი საერთაშორისო პარტნიორებს: მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებსა და შინაარს

პრემიერმა „ე.წ. უცხოური აგენტების კანოს მიღების შემდეგ „მადლობა გადაუხადა პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მისი თქმით, მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.“ მისი შეფასებით, ამ კანონის მიღება ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის - დეპოლარიზაციის შესრულებას შეუწყობს ხელს.


„ხაზი უნდა გაესვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას - დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.


აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა,“ - განაცხადა პრემიერმა.


მან აშშ-სგან სანქციების შესაძლო დაწესებას კვლავ არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ „ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის.“


„ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ," განაცხადა მან სანქციებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.


მისი განცხადებით, „საბოლოო ჯამში ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული კანონი.“


ირაკლი კობახიძის თქმით, უცხოელმა პარტნიორებმა კანონთან დაკავშირებით, "ყალბი განცხადებები" გაავრცელეს. ის იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო ჯამში, პარტნიორები "აღიარებენ ამ კანონის დადებით მიზნებსა და შინაარსს."


პრემიერ-მინისტრი „საქართველოს პარტნიორებისგან, მეგობრებისგან პრაგმატულ მიდგომას მოელის.“ ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები.


„რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, მათგანაც ველით პრაგმატულ მიდგომას. უამრავი ყალბი განცხადება იყო, რომელიც კანონთან დაკავშირებით გავრცელდა. ბუნებრივია, ეს მათთვის ცუდ ფონს ქმნის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს და შინაარს.


საბოლოო ჯამში, ეს არის ერთადერთი გზა, საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. თუ ჩვენ გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის არის აუცილებელი სამართლიანობა. სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არგუმენტები არ გაქვს, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება,” - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, პრემიერი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობას” შესახებ კანონთან დაკავშირებით ყველას საჯარო დისკუსიის ფორმატს კიდევ ერთხელ სთავაზობს.


ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.