შეერთებული შტატები საქართველოს პარლამენტის მიერ „ანტიდემოკრატიულ კანონზე“ვეტოს გაუქმებას გმობს. შესაბამისი განცხადება უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა.
„საქართველოს პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებას ანტიდემოკრატიულ უცხოური გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც კანონპროექტი კანონად აქცია.
შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც კვირების განმავლობაში ქუჩაში გამოდიან აღნიშნული კანონის წინააღმდეგ.
„ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორების შეფასება, რომლებმაც ნათლად გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რომ კანონი მოახდენს სტიგმატიზირებას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას, ასევე, რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.
გასულ კვირას მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს, შესაძლოა, არ მიეცეთ აშშ-ის ვიზების აღების უფლება, ახლად გამოცხადებული პოლიტიკის მიხედვით, რომელიც გამორიცხავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას.
შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას განაცხადა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას.
შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს წინსვლისთვის დასავლური მიმართულებით, რომელიც მის ხალხს სურს,“ განაცხადა მეთიუ მილერმა, რომელაც ტრადიციული პრესკონფერენცია, კითხვების დასმამდე, საქართველოზე განცხადებით დაიწყო.
მეთიუ მილერს ასევე ჰკითხეს, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მთავრობის "ქცევა შეიცვალოს" და შეზღუდვები, რომლებიც ცხადდება, იყოს არა "სადამსჯელო", არამედ, სასურველი ცვლილებისკენ ბიძგი. მილერმა განმარტა, რომ სავიზო პოლიტიკის ცვლილება კონკრეტული პირების მიმართ, ისევე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ - ხუთშაბათს გამოქვეყნდა - თუმცა, ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეზღუდვების სამიზნეთა ვინაობა არ გასაჯაროვდება და შესაძლოა, ჟურნალისტებმა ვერც გაიგონ, როდის და ვის წინააღმდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.
„თუმცა ნათლად განვაცხადეთ, რომ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ხუთშაბათს გამოვაცხადეთ, არ არის ერთადერთი, რაც საქართველოს ქმედებების შედეგად შეიძლება, შეიცვალოს. როგორც მდივანმა [ენტონი ბლინკენმა] ხუთშაბათს გამოაცხადა, ჩვენ ვაწარმოებთ შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს სხვადასხვა მიმართულებით. როგორიცაა, სამხედრო დახმარება, ეკონომიკური განვითარების პროექტები, ინსტიტუციების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოება. და ეს ყველაფერი უნდა გადავაფასოთ, თუკი საქართველოს მთავრობა ახლა შეერთებულ შტატებს და სხვა დასავლელ პარტნიორებს მიიჩნევს არა პარტნიორებად, არამედ - მოწინააღმდეგეებად," - განაცხადა მილერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
- რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)