აშშ პარლამენტის მიერ „ანტიდემოკრატიულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებას გმობს: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას

შეერთებული შტატები საქართველოს პარლამენტის მიერ „ანტიდემოკრატიულ კანონზე“ვეტოს გაუქმებას გმობს. შესაბამისი განცხადება უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა.


„საქართველოს პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებას ანტიდემოკრატიულ უცხოური გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც კანონპროექტი კანონად აქცია.


შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც კვირების განმავლობაში ქუჩაში გამოდიან აღნიშნული კანონის წინააღმდეგ.


„ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორების შეფასება, რომლებმაც ნათლად გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რომ კანონი მოახდენს სტიგმატიზირებას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას, ასევე, რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.


გასულ კვირას მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს, შესაძლოა, არ მიეცეთ აშშ-ის ვიზების აღების უფლება, ახლად გამოცხადებული პოლიტიკის მიხედვით, რომელიც გამორიცხავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას. 

შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას განაცხადა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას.


შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს წინსვლისთვის დასავლური მიმართულებით, რომელიც მის ხალხს სურს,“ განაცხადა მეთიუ მილერმა, რომელაც ტრადიციული პრესკონფერენცია, კითხვების დასმამდე, საქართველოზე განცხადებით დაიწყო.


მეთიუ მილერს ასევე ჰკითხეს, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მთავრობის "ქცევა შეიცვალოს" და შეზღუდვები, რომლებიც ცხადდება, იყოს არა "სადამსჯელო", არამედ, სასურველი ცვლილებისკენ ბიძგი. მილერმა განმარტა, რომ სავიზო პოლიტიკის ცვლილება კონკრეტული პირების მიმართ, ისევე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ - ხუთშაბათს გამოქვეყნდა - თუმცა, ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეზღუდვების სამიზნეთა ვინაობა არ გასაჯაროვდება და შესაძლოა, ჟურნალისტებმა ვერც გაიგონ, როდის და ვის წინააღმდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.


„თუმცა ნათლად განვაცხადეთ, რომ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ხუთშაბათს გამოვაცხადეთ,  არ არის ერთადერთი, რაც საქართველოს ქმედებების შედეგად შეიძლება, შეიცვალოს. როგორც მდივანმა [ენტონი ბლინკენმა] ხუთშაბათს გამოაცხადა, ჩვენ ვაწარმოებთ შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს სხვადასხვა მიმართულებით. როგორიცაა, სამხედრო დახმარება, ეკონომიკური განვითარების პროექტები, ინსტიტუციების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოება. და ეს ყველაფერი უნდა გადავაფასოთ, თუკი საქართველოს მთავრობა ახლა შეერთებულ შტატებს და სხვა დასავლელ პარტნიორებს მიიჩნევს არა პარტნიორებად, არამედ - მოწინააღმდეგეებად," - განაცხადა მილერმა.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.