ლაიენი და მიშელი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების უარყოფით შედეგებზე მიუთითებენ

საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილავენ. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააკეთა.

შარლ მიშელის თქმით, კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს.


ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებდა. პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო აშორებს. საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ სწრაფვას მხარი დავუჭიროთ. ამიტომ, საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში,“ წერს მიშელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა დადასტურა მანამდე გავრცელებული განცხადების შინაარსი, რომ რეაგირებისთვის ყველა ვარიანტი განიხილება.

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას,“ წერს ურსულა ფინ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.