ისრაელის ელჩი: გამიკვირდა, რომ ირანში, დაკრძალვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ

„გამიკვირდა, რომ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


„ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში.

როგორც „ჰამასის“ მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს „ჰამასი“ იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება. რაისის მეტსახელი თეირანში მისი ე.წ. ხალხის მიერ არის "ყასაბი თეირანიდან". ეს ის კაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოგვრჩეს ირანის წარსული მცდელობები, განეხორციელებინა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ ვინ დაესწრო მას, ვნახეთ „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გასაკვირი იყო," - განაცხადა ელჩმა.


რაც შეეხება საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას, ისრაელის ელჩი მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი პოზიცია არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს. მისი თქმით, ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე გავლენის მოხდენის საუკეთესო გზა სწორედ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემაა.


„ვფიქრობ, ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ გავლენა მოახდინოთ თქვენს ქვეყანაზე, თქვენს სახელმწიფოზე, აწმყოსა და მომავალზე, არჩევნებზე ხმის მიცემა ამის გაკეთების ყველაზე კარგი საშუალება. საბოლოო ჯამში, არჩევნები არ არის ერთადერთი რამ, რასაც დემოკრატიული ქვეყანა გულისხმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდწილად, რაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნად გვაქცევს, ეს არის არჩევნები, დღე, როდესაც ხალხის ნება ძალიან მკაფიოდ უნდა აისახოს. ვფიქრობ, ჩემი რჩევაა, ხალხმა ხმა მისცეს. თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, მიეცით ხმა. ან თუ გინდა, რომ რაღაც ისე დარჩეს როგორც არის, მიეცით ხმა,“ - განაცხადა ელჩმა.