თეთრი სახლი: ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, იმედგაცრუებულები ვართ

თეთრი სახლი იმედგაცრუებულია, საქართველოს პარლამენტის მიერ, ე.წ. "უცხოეთის აგენტის" კანონზე, საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა.


„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, უცხოეთის აგენტების შესახებ ანტიდემოკრატიულ კანონზე, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ეს კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველამ ვნახეთ, რომ ათობით ათასი ქართველი აპროტესტებდა ამ კანონს გასულ კვირაში. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი.


ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა. ძალიან ნათელია, რომ ეს კანონმდებლობა მოითხოვს საქმოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად, თუ უცხოეთიდან მათი დაფინანსება 20 პროცენტს აღემატება.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩეუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამ შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოებას ავტორიტარული მთავრობები ახშობენ. ეს არის ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე, რომ იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც მოხდა," - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა.


თეთრი სახლის სპიკერს შეკითხვა მოსალოდნელი სანაქციების შესახებაც დაუსვეს.

„სანქციებთან დაკავშირებთ არაფერი მაქვს სათქმელი. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის შესახებ უკვე ისაუბრა," - განმარტა ჟან-პიერმა.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.