ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა სრპსკას(სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი. მთავრობის გადაწყვეტილება 28 მაისს გამოაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა. მას მიზეზი არ დაუსახელებია. ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ამასთან, პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კანონპროექტი გაწვეულია გადასინჯვისთვის და იმიტომ, რომ „სრპსკა თავისი ევროპული გზის ერთგულია.“
რესპუბლიკა სრპსკაში სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი ითვალისწინებდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებას სპეციალურ რეესტრში და კონკრეტულ შემთხვევებში არ გამორიცხავდა მათი მუშაობის აკრძალვასაც. ადგილობრივი მთავრობა „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ მიიჩნევდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც კავშირი აქვთ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულ უცხოურ ორგანიზაციებთან, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და არღვევენ რესპუბლიკის კონსტიტუციას.
პარლამენტმა კანონპროექტი თავის დღის წესრიგში 22 მაისს შეიტანა, მიუხედავად 46 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებისა, უარი ეთქვა კანონზე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების დამცველ და კორუფციასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.
ევროპულმა ორგანიზაციებმა ადგილობრივი ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ვალდებულებებს.