ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აკრიტიკებენ.
ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯით დაშორდა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას
„მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით,“ - აცხადებს სენატორი.
"ჩემი [წარდგენილი] "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს," - წერს თავის მხრივ, სენატორი შაჰინი პლატფორმა X-ზე.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ცხადებს, რომ „სამწუხარო დღეა საქართველოსთვის.“
„რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ უფლებას არ მისცემს ივანიშვილს, დაანგრიოს მათი დემოკრატია და წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ,“ - წერს სენატორი ბენ კარდინი.
გარდა ამისა, USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.
"ჩვენ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ,“ - წერს სამანტა პაუერი X-ზე.
პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა ე.წ. "ჰელსინკის კომისიაც". კომისია პლატფორმა "X"-ზე თავმჯდომარე ჯო უილსონისა და კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას აქვეყნებს:
"საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება, მიუხედავად ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო ნებისა, არის გამიზნული საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის და [ქართველი] ხალხის ევროატლანტიკური მომავლისთვის. სინამდვილეში, ეს მიუთითებს სისუსტეზე, რადგან თავისუფალი ხალხის ასეთი, სადამსჯელო [გზით] იძულება გამოიღებს შედეგებს.
ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია, საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის ცდილობს, დაიპყროს თავისი მეზობლები - განსაკუთრებით კი, მასზე ძველი ცივილიზაციები, უკრაინასა და საქართველოში, ვისი ისტორია და კულტურაც წინ უსწრებს მოსკოვს", - წერენ კონგრესმენები უილსონი და კოენი და ხაზს უსვამენ, რომ გმობენ არა მხოლოდ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას, არამედ, "რეპრესიების იმ უფრო ფართო კამპანიასაც, რაც საქართველოს მთავრობამ აამოქმედა."
„კონგრესში ველით "მეგობარი აქტის" დაწინაურებას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი მეგობრების, ქართველი ხალხის გვერდით, რათა დაიცვას ის სამუშაო, რაც ქართველთა თაობებმა, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, გასწიეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას იმ მექანიზმებით, რაც ამ კანონში [მეგობარი აქტში] და სხვაგანაც არის გაწერილი," - ვკითხულობთ "ჰელსინკის კომისიის" განცხადებაში.
„კომისია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ ამერიკის მთავრობაში მოქმედი დამოუკიდებელი კომისიაა, რომელიც 57 ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით არსებულ ვითარებაზე მუშაობს. მისმა თავმჯდომარემ და წევრებმა გასულ კვირას "მეგობარი აქტი" დაარეგისტრირეს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრეს საქმიანობაში მხილებულებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს, ქვეყნის მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში კი, თბილისს გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდრება.