საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას საქართველოში პროტესტში მონაწილეობა ჩვენთან არ განუხილავს, მაგრამ ქმედების შეფასებაში არ შევალ, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ამით ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას უპასუხა. ესტონეთის პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ჩასვლა სწორი იყო, რათა ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოეხატათ.
„განუხილავს [ჩვენთან] საგარეო საქმეთა მინისტრს პროტესტზე დასწრება? არა, არ განუხილავს… ქმედების შეფასებაში არ შევალ. რა თქმა უნდა, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოში ჩავიდნენ ქართველი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად - ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი რამ იყო, რათა ნამდვილად ეჩვენებინათ, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის,“ - აცხადებს კალასი.
ესტონეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მისი ნაბიჯები მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, სასწორზე ევროკავშირის ავტორიტეტია.
„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ნათელია, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ რეფორმებთან დაკავშირებით დგამენ, რომლებითაც არასწორი მიმართულებით მიდიან, საქართველოს შიდა საკითხი აღარ არის, რეალურად მთლიანად ევროკავშირის ავტორიტეტია აქ სასწორზე,” - განაცხადა კალასმა.