პრემიერის თქმით, გერმანია „ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს“ საქართველოსნაირ ქვეყანაში

„გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული,“ - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის განცხადებას.


„ახალ ვსაუბრობდით პარტია „ლელოზე“ და შეგახსენებთ, რომ „ლელოსთან“ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში.


ელჩი, რომელიც აკეთებ ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია,“ - განაცხადა კობახიძემ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს პასუხი რეაქციაა გერმანიის ელჩის ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებაზე. გერმანიის ელჩის განცხადებით, ვიდრე „აგენტების კანონი“ იქნება ძალაში, ევროკავშირი არ გახსნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს საქართველოსთან.

გარდა ამისა, ელჩმა სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დიპლომატის ეს განცხადება ანტიქართულია.