საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.


ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ღრმა წუხილს გამოთქვამს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებისა და შეზღუდვისკენ.“


ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ 2023 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ცხრა რეკომენდაციის შესრულების პირობით. როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა იგი არაორაზროვნად გააფრთხილა, რომ რუსული ყაიდის კანონი არა შეესაბამებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებსა და ღირებულებებს და წარმოადგენდა აუცილებელ რეფორმებზე უარს.


„ბოლო დროს ქვეყანაში ინიციირებული იყო ევროკავშირში ინტეგრაციასთან შეუსაბამო რიგი სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, ვრცელდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდა, მასობრივ პროტესტს კი, ხელისუფლება სამოქალაქოს საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებით და ძალადობით პასუხობდა," - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ მოვლენების გამო და პარტნიორებთან ერთად განიხილავს საპასუხო ზომებს. ლიეტუვა განაგრძობს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას.