გამოცემა POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის მუდმივი ობსტრუქციონიზმის გამო, ბლოკში შემავალი სახელმწიფოები მის დასჯას გეგმავენ ქვეყნისთვის ევროკომისიაში სუსტი პორტფელის მინიჭებით.
როგორც POLITICO წერს, უნგრეთს სურს, შეინარჩუნოს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიცია, რომელსაც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ახლა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი უნგრელი ოლივერ ვარჰეია, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეროვნულ მთავრობებს აღარ სურთ ამ პოზიციაზე უნგრელი პოლიტიკოსის ხილვა.
„ორბანი მუდმივად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა ევროკავშირში და ევროპის ლიდერები სულ უფრო აღშფოთებულნი არიან სანქციების გაჭიანურებითა და კიევისთვის თანხების მიწოდებაზე წინააღმდეგობით,“ წერს გამოცემა.
წყაროს ცნობით, ბრიუსელში კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ დგას, უნდა მიეცეს თუ არა უნგრეთს ევროკავშირში მნიშვნელოვანი ბერკეტების გაკონტროლების უფლება.
ევროპულმა კომისიამ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ შემდეგ კომისრებს მთავრობები და კომისიის არჩეული პრეზიდენტი შეარჩევენ და მათ გადაწყვეტილებებზე წინასწარ არ ისაუბრებენ. POLITICO წერს, რომ უნგრეთს მაინც აქვს იმედი, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიციას კვლავ ვარჰეი დაიკავებს.
„თუმცა ოლივერ ვარჰეის ბოლო პერიოდში ბრალი დასდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ ძირგამომთხრელი პოლიტიკის წარმოებაში. მან შექმნა დაბნეულობა საქართველოსთან დაკავშირებით, ე.წ. უცხოური აგენტის“ კანონის გამო, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც თბილისის მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური მედიის, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის საშუალება,“ წერს POlITICO.