„ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი," - სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა, გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.
როგორც ევროკომისარი, რომელიც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჩემი პოზოციისთვის შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, ვინაიდან, საკომუნიკაციო ხაზები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის.
საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდ ძალისხმევას ვდებდი იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა, არ მიეღოთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
ქართული საზოგადოების ძლიერი პრო-ევროპული სენტიმენტების სრულიად გააზრებით, ჩემი სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე შეიძლება, მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია, პოლარიცაზიის ასეთ მაღალ დონეს მიგვიყვანოს, თუნდაც ევროპაში.
კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ, საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია. ამას ვითხოვ ასევე, როგორც საქართველოსთვის კარგად ნაცნობი და აქამდე პატივცემული მეგობარი. მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც ევროპული მომავლის მიმართულებით მუშაობენ,“ - წერია განცხადებაში.