პაპუაშვილი: თუ ტელევიზიით გადის ფილმი, სადაც არის ინტიმური სცენა ამ (ლგბტ) შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არგაშვებული

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში: სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდება 8 საკითხი, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას, სექსუალური უმცირესობების შეკრებას.


„გაგაცნობთ ძირითადად ასპექტებს, თუ რა იქნება მოწესრიგებული ამ კანონების მეშვეობით. 19 კანონისგან შემდგარი პაკეტია, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი.


პირველი არის ქორწინების საკითხი. როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ, კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.


მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომლებიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა.


მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას, კერძოდ აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.


მეოთხე, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი - აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.


მეხუთე, პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში - დაუშვებელი იქება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.


გარდა ამისა, მეექვსე საკითხი გახლავთ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.


მნიშვნელოვანია აქ შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ თავად ეს სცენები დაუშვებელი იქნება, რომ გადაცემული იქნას მაუწყებლის ეთერში.


მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხებს - აქ დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

და ბოლო, მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებში, რომ ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.


ეს არის ის 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით და გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმე დღედ.


რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ და მივიღებთ პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, რომ ვისაც სურს იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე," - განაცხადა პაპუაშვილმა.


„რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით პროგრამებს, ეს შეეხება ინტიმური სცენების არგაშვებას, არა თემატურად და შინაარსობრივად შეზღუდვას, არამედ - სცენების. რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, ის ეხება მაუწყებლებს და კინოჩვენებას - ეს არ ეხება კულტურულ ღონისძიებებს. მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად, თუკი ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და თუკი იქ არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არგაშვებული,“განაცხადა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ, მოქმედი პარლამენტი დაამტკიცებს ახალ კანონსა და მისგან გამომდინარე ცვლილებებს.

„მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში [სრულდება 28 ივნისს] ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ პირველი მოსმენით. ხოლო საშემოდგომო სესიაზე [იხსნება 3 სექტემბერს] მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წელს „არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება“. საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება ლგბტ უფლებების შემზღუდავ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ საკითხზე შექმნილმა საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა 16 მაისს დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ პროექტის განხილვას პარლამენტში.