შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, რომელსაც უმეტესად ჰელსინკის კომისიის სახელით იცნობენ, საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. მოსმენა სახელწოდებით - "საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა" - ვაშინგტონში, 4 ივნისს გაიმართა. „ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი.” ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.
- კონგრესის ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარია.
"ახლახან, რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ანტიდასავლური კურსის შეცვლის და ამასთან ერთად, რუსეთთან, თუ სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი, დაკავშირების ღია დეკლარაციას წარმოადგენს. სამი ათწლეულის განმავლობაში გატარებული პროდასავლური, დემოკრატიზაციისკენ მიმართული და ევროატლანტიკური სტრატეგიული დღის წესრიგის შემდეგ, საქართველოს მთავრობა აშკარად და ძალადობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ რწმენას, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონებისა და პოლიტიკის უხეში წესით მიღებაში. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ვექტორის ამ სტრატეგიულმა ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირების განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და [ამ ქმედებით ასევე] არღვევს ქვეყნის ისედაც მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ამგვარი კანონმდებლობის სრულად ამოქმედება ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. და შედეგად, ევროპარლამენტმაც მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლებითაც საქართველო ევროკავშირისგან სარგებლობს, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს.
შეერთებულ შტატებში, კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის უზარმაზარ და დიდი ხნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, მათ შორის - პოტენციურად, ინდივიდუალური ვიზების აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დემოკრატიის მომხრე და პროდასავლურ მოსახლეობას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვისკენ ექაჩება და მზადაა ამ გზაზე ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენოს."
ამერიკის ხმის ცნობით, ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე ისაუბრეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონის ზემოქმედებაზე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე შეერთებული შტატების შესაძლო პოლიტიკურ რეაგირებაზე.
მოწმეების სახით, ჰელსინკის კომიტეტში დღეს მოუსმინეს: ვანო ჩხიკვაძეს - სამოქალაქო საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ნატალი საბანაძეს - კონსულტანტს საქართველოს საკითხებში ევროპის დემოკრატიის ფონდში, "ჩათამ ჰაუსის" უფროს მკვლევარს და ასევე უილიამ კორტნის, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში, რომელიც ახლა "კორპორაცია რანდში" უფროსი მკვლევარია.
სხდომა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გახსნა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. მან 1991 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ტრადიციაზე ისაუბრა. კონგრესმენმა უილსონმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული 6 მილიარდ დოლარზე მეტი უშუალო დახმარების შესახებაც ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლის ფაქტს ერაყსა და ავღანეთში.
კონგრესმენის თქმით, საქართველოსთვის ახლა „კრიტიკული მომენტი“ დადგა და აშშ-სა და საქართველოს მტკიცე კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება.
კონგრესმენ უილსონის განცხადებით, ამის დასტურია „პუტინის სტილის“ კანონის შემოღება საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებს ამას.
„კანონი ღიად არის გამიზნული ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციისა და მათთვის ძირის გამოსათხრელად და კრიტიკული აზრის გამოხატვის შევიწროებისათვის. ეს „უცხოეთის აგენტების“ კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია, მთავრობის ანტიდემოკრატიული მიმართულებით შემობრუნების საქმეში,“ - განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა.
კონგრესმენის თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, „ამ ფონზე საქართველოს მმართველმა პარტიამ შეძლო, გამოენახა “ომის კრიმინალ პუტინთან” საერთო მიზანი,“ აღნიშნა უილსონმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს კავშირების გაღრმავებას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები არ დაუშვებს ქართულ დემოკრატიაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმის უპასუხოდ დატოვებას.
- „ამიტომაც მივესალმები [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლახან გამოცხადებულ პოლიტიკას სავიზო შეზღუდვებზე იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას,“ აღნიშნა მან.
კონგრესმენი უილსონი ასევე მიესალმა კონგრესში წარდგენილ ახალ კანონპროექტს, აქტს სახელად „მეგობარი“, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესებისას, დამატებით დამხმარე წყაროდ და გზამკვლევად გამოადგება. კონგრესმენმა ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ იგივე კანონპროექტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის უფრო „მოქნილი“ ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, „მძლავრი ეკონომიკური და უსაფრთხოების დახმარების პაკეტების“ წარმოდგენით.
„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ, MEGOBARI Act სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. მიხარია MEGOBARI Act-ის ჩემს კოლეგებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად გამოცხადდება,“ - განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
მისი თქმით, MEGOBARI Act ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო ცოცხალ და პოზიტიურ ჩარჩოს. „სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მოითხოვს გაფართოებულ სავაჭრო კავშირებს, ადამიანებს შორის უფრო გამარტივებულ კონტაქტებს და დახმარების პაკეტებს ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროებში მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მისი ხალხის დიდი ხნის წინ გაკეთებულ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდება,“ - განაცხადა უილსონმა.
სხდომაზე მიწვეულ მოწმეთა ჩვენებების მოსმენასთან ერთად, ორპარტიულ ჰელსინკის კომისიაში სიტყვით გამოვიდნენ კონგრესმენი სტივ კოენი, სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი და წარმომადგენელთა პალატის წევრი ვიქტორია სპარცი. მოსმენის დასასრულს, ვანო ჩხიკვაძემ, ნატალი საბანაძემ და უილიამ კორტნიმ, შეერთებული შტატების კანონმდებელთა კითხვებს უპასუხეს.
ივანე ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია - ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია და ამ არჩევანს ისინი ხმამაღლა, ქუჩაში აფიქსირებენ. ეს ხმა „ისმის აქ, ვაშინგტონში, და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში“, მაგრამ ის არ ესმის მმართველ პარტიას, რომელიც „ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“ „კედელს აღმართავს საქართველოსა და დასავლეთს შორის.“
„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლების სვლას რუსეთის ორბიტისაკენ,“ - განაცხადა ივანე ჩხიკვაძემ.
ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს „მმართველი რეჟიმი სტალინის სახელმძღვანელოთი მოქმედებს და აგენტებად რაცხავს კრიტიკულ ხმებს. “ეს კანონი სიმპტომია და არა მიზეზი“ - რეპრესიის იარაღია, რომელიც წინასაარჩევნოდ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსპობას.“
უილიამ კორტნიმ მიმოიხილა დამოუკიდებელი საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ამერიკა მუდამ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“თითქმის ოცდაათი წელია, რაც აშშ-სა და საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა გააჩნია. ახლა კი, ამერიკამ განაცხადა ვიზების შეზღუდვის შესახებ მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებს. ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს - განაცხადა უილიამ კორტნიმ და აღნიშნა, რომ ამერიკამ შეიძლება, ახალი ინდივიდები დაამატოს “შავ სიას”, გაყინოს მათი აქტივები და აუკრძალოს ამერიკელებს მათთან ურთიერთობის დაჭერა.