მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის

რამდენჯერმე დაანონსების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმ შტატებმა დღეს, საქართველოს მმართველი გუნდისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მედიასთან შეხვედრა მან საქართველოს საკითხით გახსნა.


მოგვიანებით კითხვებზე პასუხის გაცემისას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განმარტა, რომ სანქცირებული პირების რაოდენობა ორიდან სამ ათეულამდეა. მიიღეს თუ არა სანქცირებულებმა შეტყობინებები, მილერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი, ვისაც აშშ-ის ვიზა აქვთ, მიიღებენ შეტყობინებებს, სხვა შემთხვევაში, „ჩვენ, ჩვეულებისამებრ, არ ვაცნობებთ ხალხს, მაგრამ ისინი ამის თაობაზე მაშინ იგებენ, როცა აშშ-ში ჩამოსვლას ცდილობენ.“


დამაზუსტებელ კითხვაზე, აფრთხილებენ თუ არა მათ, ვისაც მოქმედი ვიზა აქვს? - პრესსპიკერი პასუხობს: "ვეჭვობ, ეს ასე მოხდა, რადგან ჩვენ ეს [აკრძალვა] დღეს ავამოქმედეთ."


კითხვაზე, თუ რამდენი ტრანშია მოსალოდნელი, მილერმა აღნიშნა, რომ ამას ვერ იტყვის. „ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ დამატებითი სანქციები და გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს.“ რა გზავნილის გაგზავნას ცდილობს აშშ რამდენიმე ტრანშის დაწესებით, მილერმა განმარტა „საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ახლა ახორციელებს.“


სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ეს ეხება ახლახან მიღებულ კანონს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ, ასევე ეხება ხელისუფლების ქმედებებს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს და იმ კურსზე უარის თქმას, რომელსაც საქართველო დიდი ხანია, მიჰყვება.

„ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებულია იმ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო განახორციელებს,“ – აღნიშნა მილერმა.

მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ მას კანონი უკრძალავს, დაასახელოს კონკრეტული პირები, ისინი, ვისაც სავიზო აკრძალვა შეეხო.

  • „არ შემიძლია, კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება. შეგახსენებთ, რომ კანონით, კონფიდენციალურია სავიზო ინფორმაცია. როგორც აღვნიშნე, ეს შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დეზინფორმაციის გავრცელებაზე, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე და ეს არის ჩვენი ქმედებების სერიის მხოლოდ პირველი ნაკადი."