იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და პალიმფსესტი საქართველოს უბრუნდება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ს განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.
„დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა.
ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ,“ წერია პატრიარქის
ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ამავე ცნობით, ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა.
„კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!,” - წერს გრძელიშვილი.
აუქციონზე ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე იყო წარმოდგენილი. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი და მისი ფასი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.