„კავკასიის არწივი - 2024“ - ბაქოში საერთაშორისო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სამხედრო ორკესტრმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები შეასრულა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ღონისძიებაზე გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ წვრთნამ ხელი შეუწყო სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის გამოცდილების გაცვლას და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სწავლების მონაწილეებმა დაკისრებული ამოცანები შეასრულეს.
წვრთნებში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, „კავკასიის არწივი“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით, სამივე ქვეყანაში ტარდება. 2022 წელს სამხედრო სწავლებას საქართველომ უმასპინძლა. წვრთნების მიზანია სამხედრო ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე, გამოცდილების გაზიარება.