აშშ ქართველი ხალხის მისწრაფების მხარდაჭერას გააგრძელებს - ელჩი დანიგანი

აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მისწრაფების მხარდაჭერას, რომელიც ევროატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროკავშირის წევრობისადმი ერთგულებას ავლენს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი ძაფი არის ის, რომ ეს ნიშნავს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას, რაც ამერიკელი დიპლომატის თქმით, სრული სიცრუეა. მან ისაუბრა პროექტის, როგორც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალების მნიშვნელობაზე.


„სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“ და თითქოს, ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს, ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა. რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია, ხალხებს შორის ძლიერი კავშირების ისტორიაა, ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა ურთიერთობების, სამედიცინო, განათლების სფეროებში პარტნიორობის ისტორია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების ისტორია, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ,“ - აღნიშნა ელჩმა.


რობინ დანიგანის თქმით, აშშ ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ.

„გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა, გავიმეორო აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის მომავალი, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ ათწლეულების განმავლობაში და ეს არის მომავალი, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები გააგრძელებს,“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.