ზელენსკი რომის პაპს რუსული აგრესიის შედეგებზე ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ ფრანცისკესთან განიხილა რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და უკრაინის ენერგეტიკის სექტორის რთული ვითარება. ამის შესახებ პრეზიდენტის Facebook-ზე წერია. ელენსკის თქმით, მან მადლობა გადაუხადა რომის პაპს უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ლოცვებისთვის უკრაინაში მშვიდობისთვის, უკრაინელ ხალხთან სულიერი სიახლოვისთვის.


ზელენსკის თქმით, უკრაინა აფასებს ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში და განსაკუთრებით კი, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში შეტანილი წვლილისთვის.


„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და რთული ვითარება ენერგეტიკულ სექტორში. ასევე ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე, წმინდა საყდრის როლზე უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში, მოლოდინებზე, გლობალურ სამშვიდობო სამიტზე,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი "დიდი შვიდეულის" სამიტზე დასასწრებად იტალიაში, 13 ივნისს ჩავიდა.