„ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია, გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - როგორც ფილმის სათაურშია,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მშვიდობის სამიტი უკრაინის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად მნიშვნელოვანია.
„ომი არა უკრაინაში, არამედ უკრაინის წინააღმდეგ 800 დღეზე მეტია, გრძელდება. უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის, განადგურებისა და ეკონომიკის ნგრევის 800 დღე. 800 დღეა, უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, დემოკრატიის იდეალებისა და კანონის უზენაესობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. ჩემი ქვეყანა, საქართველო იზიარებს უკრაინელი ხალხის განსაცდელს, რომელიც ჩვენც გამოვიარეთ. „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - ეს ფილმის სათაურია და დიახ, - უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
ასე რომ, ჩემი ქვეყანა იზიარებს ადამიანების განადგურებისა და ბავშვების იძულებით გადაყვანის გამო გამოთქმულ იმ შეშფოთებას, რომელშიც დღეს უკრაინა ცხოვრობს. ჩემი ქვეყანა იზიარებს შეშფოთებებს არასტაბილურობისა და კონფრონტაციის შესახებ, რაც რუსეთმა თანამშრომლობისა და დაკავშირებადობის ნაცვლად შავ ზღვაზე შემოიტანა; ასევე, ახდენს შავი ზღვის მილიტარიზაციას, როდესაც გეგმავს ახალი, დამატებითი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში.
ჩემი ქვეყანა იზიარებს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებებს ჩერნობილის კატასტროფის შედეგების განცდის შემდეგ. ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ ვიზიარებთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში; ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, მოხდეს, როდესაც რუსეთი გაიაზრებს, რომ მას, როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს საზღვრები და ჰყავს მეზობლები.
საერთაშორისო საზოგადოება და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურა მხოლოდ მაშინ იარსებებს, როცა დიდი ქვეყნები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა აღიარებს თავის მეზობლებს, პატივს სცემს მათ და მათ ტერიტორიულ მთლიანობას,“ განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „არ დავივიწყოთ, რომ ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს, ის გავლენას ახდენს მთლიანად ევროპის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე და იმ ძირეულ იდეალებზე, რომლებზეც საერთაშორისო თანამშრომლობისა და მშვიდობის ჩვენი გაგებაა დაფუძნებული.“
„ჩვენ ურყევი უნდა ვიყოთ ამ ქმედებების დაგმობაში და მტკიცენი უნდა ვიყოთ მშვიდობის მხარდაჭერაში. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს არის ბრძოლა დემოკრატიის პრინციპების, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისათვის. სამწუხაროდ, ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების ეს განსაცდელი. საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ დღესაც განვიცდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისგან მიყენებულ ჰუმანიტარულ ზიანს,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ნათელია, რომ ომი უკრაინაში არ არის იზოლირებული კონფლიქტი, ის მეზობლების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებაა.
„სწორედ ამ მიზეზით ვცდილობთ, ვიპოვოთ და მოვიპოვოთ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ევროპის სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ასევე, ყველა ტერიტორიულ კონფლიქტსა და ოკუპაციაზე, როგორებიცაა საქართველოსა და მოლდოვაში.
უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველას დაანახა ევროპის მნიშვნელობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი დისკუსიები გრძელვადიან მშვიდობას ჩაუყრის საფუძველს.
ომი უკრაინაში თითოეული ჩვენგანისთვის ქმედებისკენ მოწოდება და გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად, სოლიდარობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს და ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს. ჩვენი ერთად დგომით კი, მშვიდობა და სამართლიანობა გაიმარჯვებს,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა.
უკვე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს ევროპულო მომავლისადმი თქვენი ერთგულების გამო. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს,“ წერს ლაიენი შეხვედრის შემდეგ. საპასუხოდ ზურაბიშვილმა აღნიშნა: „დიდი მადლობა პრეზიდენტო თქვენი მტკიცედ მხარდაჭერისათვის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის.
მიშელთან შეხვედრის შესახებ ზურაბიშვილი ასევე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს ურყევ მოკავშირესთან, უკრაინისთვის მშვიდობის სამიტზე. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტი და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები; ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან,” - წერს საქართველოს პრეზიდენტი.