ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექვსწევრიანი ომის კაბინეტი დაითხოვა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც, გასულ კვირას ომის კაბინეტი ბენი განცმა დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ისრაელის პრემიერმა, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა.
მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ომის შესახებ კონსულტაციებს გამართავს მინისტრთა მცირე ჯგუფთან, მათ შორის, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტის შემადგენლობაში იყვნენ.
ბეთანიაჰუმ 2023 წლის 11 ოქტომბერს გადაწყვიტა „ომის კაბინეტის" შექმნა, რომელშიც უნდა შესულიყვნენ თვითონ ნეთანიაჰუ, ბენი განცი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ განათლი და სამი მინისტრი. გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მთავრობას არ უნდა " წარმოედგინა არცერთი კანონპროექტი ან მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც არ შეეხებოდა ომს", ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყველა დანიშვნა ავტომატურად გაგრძელდებოდა ომის განმავლობაში.
ახლა ნეთანიაჰუ არ აპირებს ომის ახალი კაბინეტის შექმნას, რაც მისგან მოითხოვეს მემარჯვენე ექსტრემისტმა მინისტრებმა იტამარ ბენ-გვირმა და ბეცალელ სმოტრიჩმა. ასეთი ნაბიჯი გაამძაფრებდა დაძაბულობას საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით, აშშ-სთან.