ელჩი დანიგანი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, ანაკლიის პორტსა და „ორმხრივი ბიზნესკავშირების გაღრმავებაზე“

ჩვენ გვსურს, დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა - იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას,“ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.


ელჩის შეფასებით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია, მათ შორის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება, ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

„როდესაც საქართველოში ჩამოვედი ოქტომბერში, ჩამოვედი იმის გაცნობიერებით, რომ იყო გარკვეული გამოწვევები ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ჩამოვედი სრული პასუხისმგებლობით, რომ მემუშავა საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან, რათა დავბრუნებოდით ამ მდიდარი პარტნიორობის კურსს, რომელიც გვაქვს.


და იცით, ჩვენ ეს გავაკეთეთ კიდეც ერთად, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, მივაღწიეთ რეალურ პროგრესს. პირველი რაც გავაკეთე, ჩავედი ბრიუსელში და რეკომენდაცია გავუწიე საქართველოს, რომ მას მიეღო კანდიდატის სტატუსი, რასაც ვაშინგტონი ასევე უჭერდა მხარს. ევროკავშირმა, რომელიც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაზე, ჩემი გადმოსახედიდან, მიიღო დიდებული გადაწყვეტილება.


ვფიქრობ, რომ კარგად მივდიოდით, რაც იყოს ახალი დასაწყისი ჩვენი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების“ კანონი, რაც გვჯერა, რომ არის ქართველი ხალხის გაცხადებული მისწრაფებების საწინააღმდეგო. კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ.


ყველა ამ ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე, სადაც ახლა ვართ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვსურს ამის გაკეთება. ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა. როგორც აღნიშნეთ, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას. სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო, რომ, დიდი ალბათობით, კიდევ იქნება შემდგომი შედეგები.


უნდა მომხდარიყო თუ არა ეს? არა! ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილების ხილვას და მათ მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მეტი შეზღუდვების დაწესება. არის ეს მიმართული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ? ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს. შედეგები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს ჩვენი მხრიდან მოჰყვა, არის ხელსაწყო ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად. ისინი ძალიან მიზანმიმართულია და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგზავნის სიგნალს იმისთვის, რომ ნეგატიური ქმედების შემობრუნება მოხდეს,“ - განაცხადა ელჩმა.


დანიგანის თქმით, „ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს.“

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიო იყო თავის განცხადებაში, რომ საქართველოსკენ მიმართული მთელი დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.


„ნება მომეცით კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ იმედი მაქვს, რომ ამ წერტილამდე არ მივალთ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ჩვენი ურთიერთობის ძველ რელსებზე დაბრუნების. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოები ვიყავით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად, კონკრეტული თანამშრომლობიდან დაწყებული, მათ შორის მხარდაჭერას ყველა სააგენტოს გავლით.


ევროკავშირმა წარმოადგინა ძალიან საინტერესო სტატისტიკა ინფოგრაფიკაში, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის დახმარების ტოპ ათი მიმღები ხელისუფლების სამინისტროები ან სააგენტოებია, იმავენაირად ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების დიდი ნაწილი მიდის ან პირდაპირ ხელისუფლების სამინისტროების მხარდასაჭერად ან ხელისუფლების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით, ჩვენ ვეხმარებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს, ვეხმარებით საავადმყოფოების თანამშრომლებს, დახმარებას ვუწევთ სკოლებს უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, დავეხმარეთ სასაზღვრო დაცვის შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, ჩვენ დავეხმარეთ საირიგაციო სისტემის შექმნაში.


ეს არის პარტნიორობის უდიდესი ქსელი, რომელიც ამ ქვეყანაში შევქმენით და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყო, რომ სამწუხაროდ, მთელი ეს დახმარება რისკის ქვეშ დგას. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე ნათლად აღვნიშნეთ, რომ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს, როგორც მტერს,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა.


რობინ დანიგანის განცხადებით, შემდეგ კვირას ქართველი ბიზნესმენებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით ვაშინგტონში გაემგზავრება. ვიზიტის მიზანია ორმხრივი ბიზნესკავშირების გაღრმავება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის.


მომავალ კვირას ან ამ შაბათ-კვირას ვაპირებ ჩავიდე შეერთებულ შტატებში, 40 ქართველი ბიზნესმენის, 20-ზე მეტი კომპანიის, ქართული კომპანიებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით, რათა ისაუბრონ შეერთებულ შტატებში ბიზნეს კავშირებსა და ინვესტიციებზე. შეხვედრა შედგება შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანთან, შეხვედრა იქნება თეთრ სახლში, მე ამას ვაკეთებ ჩვენი ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები აბსოლუტურად აუცილებელია. გუშინ საღამოს შევხვდი ამ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ემზადებიან წასასვლელად და შეერთებულ შტატებში თანამოსაუბრეებთან ამ მართლაც შესანიშნავი შეხვედრების გამოსაყენებლად. ვფიქრობ, ამას რეალური ინვესტიცია მოჰყვება ორივე მხარეს - მეტი ინვესტიცია აქ შეერთებული შტატების კომპანიების მიერ და მეტი ინვესტიცია შეერთებულ შტატებში,“ - განაცხადა ელჩმა.


მან ანაკლიის პორტზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? ელჩის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები ხარისხისა და სტანდარტების კუთხითაც ისმის.


„რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს. ეს ერთი კითხვაა.


შემდეგი კითხვაა, მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ, CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99 წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა.


შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა.